ცხელი ხაზი: 292 00 55
5 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UNWOMEN) 1 წლიანი თანამშრომლობის პერიოდში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა. სამსახურის დირექტორის მოადგილეს, ნინო მელაძეს საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტმა, ლაურა ჟივეცმა მოუსმინა.
პროექტს „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახური 2018 წლის აგვისტოდან დღემდე ახორციელებს.
საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ დაქირავებულმა ორმა ადვოკატმა - ცირა ჯგერენაიამ და მაია პაიჭაძემ სპეციალური მომზადება გაიარეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით. სპეციალიზიბული ადვოკატები იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისისა და ქვემო ქართლის ბიუროებში გადანაწილდნენ.
პროქტის ფარგლებში, 10 თვის განმავლობაში სამსახურის მეშვეობით დახმარება მიიღო ძალადობის მსხვერპლმა არაერთმა ქალმა. მათ შორის, იურიდიული კონსულტაცია გაეწია 134 ქალს (თბილისი 104, ქვემო ქართლი 30). სასამართლოში წარმომადგენლობა განხორციელდა 88 შემთხვევაში (თბილისი 50, ქვემო ქართლი 38).
ძალადობის, მათ შორის სექსუალური ხასიათის მაღალი მაჩვენებელი გამოიკვეთა არასრულწლოვანთა მიმართ. თბილისში 94 არასრულწლოვან დაზარალებულს გაეწია სამართლებრივი დახმარება, ქვემო ქართლში კი მსგავსი მომსახურება 113-მა არასრულწოვანმა მიიღო.
სამართლებრივი დახმარების გარდა, პროექტი საინფორმაციო კამპანიას ითვალისწინებს. ამ დრომდე გაიმართა საინფორმაციო ტიპის 7 შეხვედრა, რამაც მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. დევნილი, თავშესაფრის მაძიებელი და პრობაციონერი ქალების გარდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა N5 სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში. ბენეფიციარებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და დახმარების შესახებ.
გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საოჯახო სამართლის აქტუალური საკითხები“.
იურიდიული დახმარების სამსახურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის გაგრძელების შესაძლებლობაზე მხარეებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.