თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, ირინე იჩუკაიძის დახმარებით, ბრალდებული ა. ჯ-ის საქმე გადაკვალიფიცირდა და ის 8 წლის ნაცვლად სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 4 წელს გაატარებს. 

ბრალდების მიხედვით, ა.ჯ-მა ფიზიკური დაპირისპირებისას დანა ორჯერ დაარტყა ა.კ-ს, რა დროსაც დაზარალებულმა  მიიღო ჯანმრთელობის მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. 

ადვოკატის საქმეში ჩართვისას, ბრალდება წარდგენილი იყო განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ხოლო ბრალდებულს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. 

ვინაიდან ბრალდებული განზრახ მკვლელობის მცდელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა, პირველი ინსტანციის განაჩენი ადვოკატმა და ბრალდებულმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატმა ირინე იჩუკაიძემ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, დადასტურებულად არ მიიჩნია დანაშაულის კვალიფიკაცია და წარდგენილ ბრალდებაში ბენეფიციარის გამართლება ითხოვა. 

შედეგად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია და მსჯავრდებული ა.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, და არა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. აქედან გამომდინარე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.