ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, დღეს, 27 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი”-ის ორგანიზებითა და იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს მონაწილეობით შედგა ერთობლივი შეხვედრა ქ. ზუგდიდის სოციალურ სახლში მცხოვრებ დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეებთან, ბენეფიციარებთან. 

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და კონსულტანტმა ნინო მინჯიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროების და ოჯახში ძალადობის საკითხები, რომელსაც  ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ითვალისწინებს. 

დევნილმა ქალებმა დასვეს კითხვები სოციალური დახმარების პროგრამები შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; სხვა ბენეფიციარებს კი აინტერესებდათ  ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები; მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საკითხები; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხები; პენსიის დანიშვნის საკითხები; მემკვიდრეობა და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი”, რომელიც მუშაობს დევნილთა საკითხებზე შედის “კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს” - LAG შემადგენლობაში, რომელთანაც იურიდიული დახმარების სამსახურს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

#სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი #16დღიანიკამპანია2019 #იურიდიულიდახმარება