7 ივლისს, დუშეთში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-12 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. დუშეთის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ. 

2007 წლიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციას მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო უწევდა. უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა გადაწყვიტა დუშეთშიც გახსნას საკონსულტაციო ცენტრი, ვინაიდან აღნიშნულ მუნიციპალიტეტში კვალიფიციური ადვოკატების მომსახურების დიდი საჭიროებაა.

საკონსულტაციო ცენტრის ადვოკატი დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს გაუწევს უფასო იურიდიული კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის კი, კანონის შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.

გახსნის დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს  იურისტ-კონსულტანტი ირინა ბარბაქაძე წარუდგინა და მისი მუშაობის გრაფიკიც გააცნო. 

რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი): „იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. წელს უკვე რიგით მესამე საკონსულტაციო ცენტრი დუშეთში გავხსენით, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კვალიფიციური იურისტისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრას მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები.“

ზურაბ სეხნიაშვილი (დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი): "დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია დიდი სიამოვნებით ჩაერთო საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საქმეში და უზურფრუქტის წესით გადასცა ფართი იურიდიული დახმარების სამსახურს. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ხელმისაწვდომობის საკითხი უფასო სამართლებრივი დახმარებაზე. დუშეთის მუნიციპალიტეტს ასევე გვაქვს იაფი ტრანსპორტი და ცენტრიდან დაშორებული სოფლების მცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ ტრანსპორტით, 1 ლარად ჩამოვიდნენ დუშეთში და თბილისის ნაცვლად აქ მიიღონ მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარება."

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო,  12 საკონსულტაციო და 1 დისტანციური მომსახურების ცენტრი მოქმედებს.