2020 წლის 25 სექტემბერს, 17 საათზე, ზუგდიდში, ნარმანიას ქ. # 3-ში უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი, სახელმწიფო ორგანიზაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნა. შენობა გარემონტდა და თანამშრომლების სამუშაო პირობები გაუმჯობესდა. 

გახსნის ცერემონიაზე ლენტი გაჭრეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა.

შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის 15 წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

აქვე , უსაფრთხოების წესების დაცვით, შედგა შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან. ფართო ეკრანზე წარმოდგენილი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალა.

სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეკრებილ საზოგადობას გააცნო მიმდინარე რეფორმები, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურში ხორციელდება და მიზნად ისახავს გაწეული უფასო სამართლებრივი დახმარების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია რეგიონებში კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხი და იგი მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმებს. ერთობლივი ძალებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ადვოკატების სამუშაო პირობები - ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ახალი ოფისი არის ამის ნათელი მაგალითი.

რაჟდენ კუპრაშვილი, იურდიიული დახმარების სამსახურის დირექტორი: ბოლო კვირის განმავლობაში ჩვენ გავხსენით იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრები აბაშაში, მარტვილში, სენაკში, ჩხოროწყუში,  წალენჯიხასა და ხობში, რითაც სამეგრელოს რეგიონში თითქმის აღმოფხვრილია უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრობლემა. დღეს კი, ნამდვილად მოხარული ვართ, რომელიც ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს, რომელიც ამ ქალაქში, სამსახურის შექმნის სათავეებიდან, 2007 წლიდან  ფუნქციონირებს, ახალი ოფისი ექნება. დარწმუნებული ვარ, ბიუროს მუშაობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და რეგიონში საზოგადოებრივი ადვოკატები უფრო მეტი მონდომებით იზრუნებენ ადამიანის უფლებათა დასაცავად.

დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 25 საკონსულტაციო ცენტრი.

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო 2007 წელს ამოქმედდა. მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტებს. ბიურო ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს უფასო სამართლებრივი დახმარების სრულ სერვისს: იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე; სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ  საქმეებზე გადახდისუუნარო მოსახლეობისათვის.