ცხელი ხაზი: 292 00 55
19-20 ივნისს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების უფლებები, მათთან კომუნიკაცია, სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები.
მონაწილეებს მიესალმა UN OHCHR-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმირ შკოლნიკოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ UN OHCHR ხელს უწყობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით შშმ უფლებების დაცვის სფეროში.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკის საკითხებს. საინტერესო როლური თამაშების მეშვეობით, მონაწილეებმა კარგად გაანალიზეს შშმ პირებთან ურთიერთობის სპეციფიკა და სტრესულ სიტუაციებში მათთვის ეფექტური დახმარების უზრუნველყოფის პროცესი.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილის, ნინო მელაძის აზრით წინამდებარე ტრენინგი დაეხმარება სამსახურის ადვოკატებს ყოველდღიურ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან კომუნიკაციისას და იურიდიული დახმარების გაწევისას.
„იურიდიული დახმარების სამსახურს 2021 წლის 1 იანვრიდან გაეზარდა მანდატი შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან მიმართებით. სამსახური უფლებამოსილია ამ პირების მომართვის შემთხვევაში წარმოადგინონ ისინი სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ადვოკატებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ შეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებთან და მათთან კომუნიკაციის უნარების ათვისება ხელს შეუწყობს ადვოკატებს ამ პირების უფლებების ეფექტურად დაცვაში.“ - განაცხადა ნინო მელაძემ.
აღნიშნული ტრენინგი „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. მას 2020 წლის დასაწყისიდან გაეროს ექვსი სააგენტო (UNFPA, UNICEF, WHO, UNDP, UN Women, OHCHR) მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს