1 ივნისი ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. იურიდიული დახმარების სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, რომელიც ბავშვის უფლებებს იცავს ყველგან, ყველა ინსტანციაში, ადმინისტრაციულ დაწესებულებებში, სკოლებში, სასამართლოებში, საგამოძიებო ორგანოებში. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და ბავშვთა დღე საქველმოქმედო აქციით აღვნიშნავთ.

წელს, 1 ივნისს, ხაშურში, საოჯახო ტიპის სახლებში მყოფ ბავშვებს ვესტუმრეთ. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ქეთევან მურადაშვილმა მათ წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის საბავშვო ვებგვერდი www.children.las.ge . ვებგვერდზე წარმოდგენილია მოზარდებისათვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია,როგორც იურიდიულ თემებზე, ასევე, ფსიქოლოგიურ, სოციალურ საკითხებზე. ვებგვერდზე განთავსებულია ფორუმი, სადაც მოსწავლეები და მშობლები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომია მხატვრული ლიტერატურა და ფილმები. ვებგვერდი შვიდენოვანია (ქართული, ინგლისური, რუსული, სომხური აზერბაიჯანული, ოსური და აფხაზური) და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (სმენადაქვეითებული, სუსტი და მხედველობის არმქონე). საბავშვო ვებგვერდი შემოქმედებითად ინოვაციურია. მას ჰყავს ერთგვარი მასპინძელი“, სახელად „ლილი“ - ეს არის ანიმაციური ფიგურა -„უფლებადამცველი/ ადვოკატი“ ქალი, რომელიც ყველა ბავშვის მეგობარია და „ბავშვურ“ ენაზე განუმარტავს მოზარდებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ვებგვერდით, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა პოლიცია გააჩერებთ და სხვა რჩევებს აძლევს საიტის სტუმრებს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ადამიანური რესურსების სამმართველოს სპეციალისტმა რევაზ არსენიძემ ბავშვებს გააცნო იურიდიული პროფესიის თავისებურებები, ხოლო ფსიქოლოგებმა ქეთი ჯაყელმა, ნინო ჩაჩავამ და მარიამ ტონიამ ბავშვებს როლური თამაშები შესთავაზეს. საოჯახო სახლებს გადავეცით იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიერ შეგროვილი თანხით შეძენილი საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული და სათამაშოები. სამსახურის ინიციატივა სრულად გაიზიარეს სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა "პეპელამ" და წიგნების მაღაზიათა ქსელმა" ბიბლუსმა", რომლებმაც მრავალფეროვანი პროდუქცია საჩუქრად გადასცეს ხაშურის საოჯახო სახლის აღსაზრდელებს.

იურიდიული დახმარების სამსახური უღრმეს მადლობას უხდის ორივე ორგანიზაციას საქველმოქმედო ინიციატივის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ ულოცავს ბავშვებს 1 ივნისს- ბავშვის უფლებათა დაცვის დღეს.