ცხელი ხაზი: 292 00 55
31 ოქტომბერს, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მესტიის მაგისტრ სასამართლოში ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი. ნაფიც მსაჯულებს მესტიის საჯარო სკოლების უფროსკლასელები წარმოადგენდნენ, ხოლო დაპირისპირებულ მხარეებს კი აჭარის რეგიონში მოქმედი "პარალეგალები" - ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები სხვადასხვა სამართლებრივი საკითხზე და შეუძლაით პირველადი იურიდიული დახმარების გაწევა. ბათუმელი პარალეგალები ასევე აქტიურად არიან საინფორმაციო კამპანიებში, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და რეგიონში ასევე USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
მესტიელმა მოსწავლეებმა ბევრი იმსჯელეს სასამართლოში მიმდინარე იმიტირებულ პროცესზე, დასვეს მრავალი საინტერესო შეკითხვა და ცხარე დისკუსიის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების დაწყება სწორედ უფროსკლასელთა შორის. ბევრ მათაგანს, მოზრდილობისას, სავარაუდოდ, მართლაც მოუწევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში ჩართვა. ასეთი სახის ღონისძიებებში მონაწილეობა კი მათ ბევრად გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, რაც საბოლოოდ მართლმსაჯულების პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.