ცხელი ხაზი: 292 00 55
ელექტრონული პროგრამა „Case Bank”, რომლის მეშვეობითაც იურიდიული დახმარების სამსახური გაწეული მომსახურების სტატისტიკას აწარმოებს, დაიხვეწა და საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის უფრო კომფორტული გახდა.
23 მაისს, „Case Bank”–ის დეველოპერი კომპანიის „იდეა დიზაინ ჯგუფის“ დირექტორმა, მარიამ ზანგალაძემ, ადვოკატებს წარუდგინა ვებ–აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ოფისიდან, როგორც აქამდე იყო, არამედ – ინტერნეტით აღჭურვილი ნებისმიერი ადგილიდან.
ვებ–აპლიკაციის შემუშავება და „Case Bank”–ის განახლება შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით.
გარდა ვებ–აპლიკაციისა, ელექტრონული პროგრამის განახლების ფარგლებში, „Case Bank”–ს დაემატა ცალკე მოდული იმ კერძო ადვოკატებისათვის, რომლებიც „მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში“ ირიცხებიან და, კანონით დადგენილ შემთხვევებში, საბიუჯეტო ანაზღაურების საფუძველზე, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ.
„Case Bank” თავს უყრის მონაცემებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებული საქმეების, გაწეული კონსულტაციებისა და შედგენილი დოკუმენტების შესახებ. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი.