ცხელი ხაზი: 292 00 55
5 ივნისს სასტუმროში „ბეთსი”, იურიდიული დახმარებისა და საპროცესო შეთანხმების საკითხებზე, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ექსპერტის, ალექს ტინსლის, მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია-დისკუსია გაიმართა.
კვლევა მიმოიხილავს ევროპული ქვეყნების გამოცდილებას და საერთაშორისო სტანდარტებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დამცველის მონაწილეობა საპროცესო შეთანხმების დადებისას, იურიდიული დახმარება და წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურება.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში უფასო იურიდიული დახმარების კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და მათი შესაძლო გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ერთობლივი ინიციატივის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმების საფუძველზე. პროგრამის მიზნებია: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, იურიდიული მომსახურების განვითარება, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერება და დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა, ეფექტიანი და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შემოღებისა და განვითარების მხარდაჭერა.