ცხელი ხაზი: 292 00 55
15–16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა (IRC) და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ გასვლით კონსულტაციაში, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – დუისში, წინუბანსა და ქორეთში ჩატარდა.
გასვლითი კონსულტაციის ფარგლებში, იურისტებმა ადგილობრივ მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილებსა და მიგრანტებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს შემდეგ საკითხებზე: დაბადებისა და სხვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება; მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის და ლტოლვილის სტატუსის მიღება, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება; მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; ოჯახური ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა და მათი უფლებები; უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ალიმენტი, სახელშეკრულებო ურთიერთობები, სხვა საკითხები.
იურიდიული დახმარების სამსახურსა და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან ერთად, გასვლით კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღეს: კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა (KRDF), საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNAG) და ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა (ELHRILI).
გასვლითი სამართლებრივი კონსულტაცია ჩატარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.