Top

მემკვიდრეობითი სამართალი

ონლაინ დახმარება

მემკვიდრეობითი სამართალი

არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

ანდერძით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ (მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა), აგრეთვე, იურიდიული პირები.

კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი თვითონ არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა რაოდენობით.  ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ 5 რიგი), რაც იმას ნიშნავს, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

კანონით მემკვიდრეებს რიგითობის მიხედვით მიეკუთვნებიან:

I რიგში – გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები, (მშვილებლები).

ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით.

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილისშვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ;

II რიგში - გარდაცვლილის და, ძმა, დისშვილი და ძმისშვილი იმ შემთხვევაში, თუ მისი მშობელი ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის;

III რიგში – ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან;

IV რიგში – ბიძები, დეიდები, მამიდები;

V რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები. ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

სამკვიდრო ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.

ანდერძით მემკვიდრეობის დროს, კანონით მემკვიდრეობისაგან განსხვავებით, გარდაცვლილ პირს (მამკვიდრებელს) ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის დარჩება და რა რაოდენობით მისი ქონება.

ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებელს შეუძლია თავისი ქონება გადასცეს, როგორც კანონით მემკვიდრეს, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირს, მათ შორის იურიდიულ (ორგანიზაცია, დაწესებულება) პირსაც.

თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას თანაბრად მიიღებენ სხვა ანდერძით მემკვიდრეები.

ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მიიღებენ სავალდებულო წილს მამკვიდრებლის ქონებიდან.

სავალდებულო წილი შეადგენს, იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა პირველი რიგის მემკვიდრე,  ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

იმ შემთხვევაში, როდესაც ანდერძი დაწერილია სამკვიდროს მხოლოდ ნაწილზე ან/და ანდერძი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი, სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ არის მოხსენიებული ან/და ანდერძი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი, ვრცელდება კანონით მემკვიდრეობა.

არა. იმისათვის, რომ გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება გადავიდეს მემკვიდრეზე, საჭიროა მემკვიდრემ სამკვიდრო ქონება მიიღოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში.

მემკვიდრის მხრიდან სამკვიდრო მიღებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მემკვიდრე (იქნება ეს ანდერძით მემკვიდრე თუ კანონით) შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების თაობაზე ნებისმიერ სანოტარო ბიუროში და მიიღებს სამკვიდრო მოწმობას.

სამკვიდრო მიღებულად ითვლება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვითაც, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო.

ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო მხარდაჭერის მიმღები პირები  მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.

ქონების ფაქტობრივი ფლობა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. კერძოდ, ასეთია მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში (რაც უნდა დასტურდებოდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით), რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, ასევე მამკვიდრებლის ნივთების გადატანა (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში)და შენახვა თავისთან, რათა შემდეგ მოხდეს მისი განაწილება მემკვიდრეთა შორის (მათი არსებობის შემთხვევაში).

ქონების ფაქტობრივ მართვაში იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც მემკვიდრე ფაქტობრივად არ ფლობს ამ ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებით დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს. მაგალითად, სამკვიდროს გახსნის შემდეგ იხდის გადასახადებს და ა. შ.

როგორც ქონების ფაქტობრივი ფლობის, ისე ფაქტობრივი მართვის შემთხვევაში მემკვიდრეს შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს და მოითხოვოს სამკვიდროს მიღება. ასეთი ტიპის მემკვიდრეობის დროს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადები არ არსებობს, რადგან იგულისხმება, რომ ქონება მემკვიდრის მხრიდან ისედაც მიღებულია და სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსთან მისვლა და ოფიციალური სახის მიცემა მხოლოდ მემკვიდრის ნებაზეა დამოკიდებული.

სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში. მემკვიდრემ, რომელიც ამ ვადას არ დაიცავს, შეიძლება დაკარგოს სამკვიდროს მიღების უფლება!!!

თუ მემკვიდრე შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღებია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით.

სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. 

სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.

სასამართლოს სასარჩელო განცხადებით უნდა მიმართოს მემკვიდრემ, რომელმაც გაუშვა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა და ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდროს. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა, უნდა მიუთითოს ვადის გაშვების საპატიო მიზეზი და მოითხოვოს გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა ან/და მისი გაგრძელება. ამ დროს მოპასუხედ საქმეში ებმება სამკვიდროს მიმღები ის მემკვიდრე, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგია.

სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს სანოტარო ბიუროში.

სასამართლოსადმი მიმართვის სახელმწიფო ბაჟი გადასახდელი იქნება კანონმდებლობის შესაბამისად (ქონების ღირებულების 3%, ქონების ღირებულება დადგენილი უნდა იყოს აუდიტის დასკვნით). 

სამკვიდრო მოწმობა არის სანოტარო აქტი, მემკვიდრეობით მიღებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმისათვის, რომ სამკვიდრო მოწმობაში მითითებული უძრავი ქონება პირის საკუთრებად ჩაითვალოს, საჭიროა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ნებისმიერ ეროვნულ სააგენტოში ან იუსტიციის სახლში ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.

6 თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო ორგანოს (ნოტარიუსს) მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა
1. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია.

2. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრის 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო  მის წილ ქონებაზე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის ბოლო წევრი იყო თუ არა.

3. კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.

მემკვიდრე ვალდებულია დააკმაყოფილოს  მამკვიდრებლის კრედიტორები (გადაიხადოს ვალები) მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.