Top

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ონლაინ დახმარება

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთების აღდგენა სხვა საშულებით შეუძლებელია.

სასამართლო ადგენს იმ ფაქტებს, რომლებზეც არის დამოკიდებული მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. კერძოდ, საქმეები:

  • პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;
  • პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტების დადგენის შესახებ;
  • მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;
  • უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;
  • მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.

განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნით სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე, წარდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.

განცხადება შეიძლება დაიწეროს ან დაიბეჭდოს განმცხადებლის სურვილისამებრ და მას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული ფორმის შევსება.

ასეთ შემთხვევაში საჭიროა განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნეს: დაბადების მოწმობა და მისი ქსეროასლი; საქართველოს მოქალაქის პასპორტი (პირადობის მოწმობა) და მისი ქსეროასლი; საბუთი, რომლის მონაცემებიც არ ემთხვევა პირის დაბადების მოწმობაში ან პასპორტში მითითებულ მონაცემებს; ასევე სათანადო ორგანოს (მაგ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამოქალაქო ან საჯარო რეესტრის) უარი საბუთში არსებული შეცდომის შესწორებაზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ქორწინების მოწმობის და მისი ქსეროასლის წარდგენა, ასევე მოწმეების დასახელება.

აღნიშნულ შემთხვევაში განცხადებასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს: მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და მისი ქსეროასლი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დადასტურების შესახებ. თუ განმცხადებელი ასეთ ცნობას ვერ წარადგენს, მაშინ მას შეუძლია წარადგინოს ქონების მართვის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა ამ ქონებაზე კომუნალური და სხვა სახის გადასახადის გადახდის ქვითრები და ა.შ. (მათი არარსებობის შემთხვევაში, მარტო მოწმეებითაც შეიძლება დადგინდეს ქონების ფაქტობრივი ფლობა ან მართვა), პირადობის მოწმობის ასლი, მამკვიდრებელთან არსებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვ.), სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ.

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს (პირებს, ვის კანონიერ ინტერესებსაც ეხება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება).

ვინაიდან იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადება განეკუთვნება მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეს, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და შეადგენს 25 ლარს.

სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან პირი თავისუფლდება, თუ:

  • იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ პირთა რეგისტრაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას;
  • არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად.

მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრი) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის ორგანოში (ნოტარიუსთან, საჯარო რეესტრში და სხვ.), იმის მიხედვით, თუ რა სახის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა დაედო საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას.