Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სავალდებულო დაცვა

ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა, როგორც წესი, არის ნებაყოფლობითი ხასიათის და პირი თავად განსაზღვრავს საკუთარი უფლებები დაიცვას დამოუკიდებლად თუ ადვოკატის დახმარებით. თუმცა ქართული კანონმდებლობა ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც ადვოკატის დანიშვნა არ არის დამოკიდებული მხარის ნებაზე და მისი ყოლა არის სავალდებულო.

სისხლის სამართლის საქმეებზე კანონმდებლობა იძლევა ჩამონათვალს, თუ რა შემთხვევაში ენიშნება ბრალდებულს ადვოკატი სავალდებულო წესით, კერძოდ, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:

  • თუ არასრულწლოვანია;
  • თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
  • თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
  • თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
  • თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
  • თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
  • თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
  • თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
  • თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
  • თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

სავალდებულო წესით ბრალდებულისთვის დანიშნული ადვოკატის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, მიუხედავად ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობისა.

სამოქალაქო საქმეებზე კანონმდებლობა გამოყოფს ერთ შემთხვევას, როდესაც ადვოკატის ყოლას აქვს სავალდებულო ხასიათი, კერძოდ, სავალდებულოა ადვოკატი ჰყავდეს პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება.

ადვოკატის დანიშვნის დეტალური პროცედურა იხილეთ აქ.