Top

უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

ონლაინ დახმარება

უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე, შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე.

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის საფუძველია:

  • ნასყიდობის ხელშეკრულება;
  • ჩუქების ხელშეკრულება;
  • გაცვლის ხელშეკრულება;
  • პრივატიზება;
  • სამკვიდრო მოწმობა;
  • მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე) საკუთრების უფლების აღიარება და სხვ.

უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური.

  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის, პასპორტის, ბინადრობის მოწმობის ან სხვ.) ასლი;
  • უფლების დამადასტურებელი საბუთი, (ნასყიდობის ხელშეკრულება, ჩუქების ხელშეკრულება, გაცვლის ხელშეკრულება, პრივატიზება, სამკვიდრო მოწმობა, მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე) საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში, სათანადო კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვ.);
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
  • სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული პრივატიზების შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების (პირდაპირი მიყიდვის, სპეციალური ან ღია აუქციონის ფორმით) შეძენის დამადასტურებელი ოქმი და სხვ.

განცხადებას ასევე შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებსაც საკითხის გადაწყვეტისათვის შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეთ.

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა, რომელზეც მხარეთა მიერ გაკეთებული ხელმოწერის ნამდვილობას ამოწმებს საჯარო რეესტრის შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილი პირი ან ნოტარიუსი, და წერილობითი ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის საჭირო საბუთების წარდგენის ხარჯები.

მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით შეცვალონ ზემოთაღნიშნული პირობა.

უძრავი ქონების რეგისტრაცია ხდება განცხადების შეტანიდან 4 დღის ვადაში. რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასური შეადგენს 50 ლარს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხდება უფასოდ, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის #231 დადგენილების შესაბამისად.