Top
ონლაინ დახმარება

 

საჩხერეში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნება

23 იანვარს, 13:00 საათზე, საჩხერეში (თავისუფლების ქ.№4), იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, საკონსულტაციო ცენტრს გახსნის. ღონისძიებას იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრებიან.

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი მაღალმთიანი იმერეთის მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით ამოქმედდა. ცენტრში დასაქმებულია კონკურსის გზით შერჩეული კონსულტანტი, რომელიც მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს და სამართლებრივ დოკუმენტებს შეუდგენს.

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-18 ოფისია. ცენტრი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით. შესაბამისი სამუშაოები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსებით დაფინანსდა.

დღეისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ფუნქციონირებს. საჩხერის გარდა, სხვადასხვა რეგიონში კიდევ 11 იურიდიული დახმარების ბიურო და 6 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს.