Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრები ძალადობის საკითხებზე

გლობალური კამპანიის „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით“ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურომ რეგიონში რამდენიმე შეხვედრა გამართა.

28 ნოემბერს კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით შედგა მაგიდა თემაზე  – „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა“.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდის წვერები, პარტნიორები და ბენეფიციარები, რომლებსაც იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს თანამშრომლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამსახურის საქმიანობის  შესახებ,  როგორც ქალთა უფლებების, ასევე სხვა სერვისებთან დაკავშირებით. 

მეორე დღეს კი სტუდენტურმა ორგანიზაცია ELSA Kutaisi-ის მოწვევით, ქუთაისის ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „სასამართლოსადმი მიმართვიანობა და მოქალაქის როლი“. სტუდენტები დაინტერესდნენ  სასამართლოსათვის მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით, ვადებით, სახელმწიფო ბაჟით და სხვა სამართლებრივი საკითხებით. გაიმართა დისკუსია, რომელშიც იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აუდიტორია გაეცნო სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენად აქტიურად იყენებენ მოქალაქეები საკუთარ უფლებას - სასამართლოს გზით დაიცვან ან აღიდგინონ უფლებები თუ თავისუფლებები,  რამდენად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის სასამართლო და მასთან დაკავშირებული იურიდიული დახმარება.

5 დეკემბერს კი, კვლავ, ორგანიზაცია ELSA Kutaisi-სა და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიუროს თანამშრომლობით გაიმართულ შეხვედრაზე სტუდენტები მსჯავრდებულ ქალთა უფლებებითა და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტიებით დაინტერესდნენ – როგორია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ქალთა საცხოვრებელი პირობები, პაემნების და შრომის უფლებები და ა.შ.

 იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც  არაადამიანურ მოპყრობასა და წამებასთან გათანაბრებულ თავისუფლების აღკვეთას შეეხებოდა. 

ამავე დღეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს ქუთაისის სამედიცინო კოლეჯ „სიო“-ში გამართულ შეხვედრაზე. აუდიტორიის უმეტესობა ქალთა სქესის წარმომადგენლები იყვნენ და, შესაბამისად, დიდი იყო ინტერესი, საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული, ქალთა უფლებების მიმართ. კოლეჯის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, სატელეფონო ცხელი ხაზის და სხვა უფასო იურიდიული კონსულტაციის მისაღები  საშუალებების შესახებ.