იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ესმა ნორაკია თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავდა არასრულწლოვანი ბრალდებულის-გ.გ.-ს ინტერესებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. საქმე ეხებოდა 2015 წლის დეკემბერში, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ქურდობას, როცა რამდენიმე პირმა, დღისით, ბინიდან დიდი ოდენობით ძვირფასეულობა უკანონოდ გაიტანა.
გ.გ.-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის (ქურდობა) იმ ნაწილებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მეტიც, წარმატებული სპორტსმენის წინსვლა უსაფუძვლო ბრალდებამ შეაფერხა. მან სასამართლოზე განახცადა, რომ სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ დაცვის მოწმეები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათი სიმრავლის მიუხედავად, ვერ ადასტურებდნენ გ.გ.–ს მიერ დანაშაულის ჩადენას.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა ესმა ნორაკიამ სასამართლოზე ისაუბრა იმ ფაქტების შესახებ, რომ ბრალდება იყო დაუსაბუთებელი: გ.გ. გაიჩხრიკა ბნელ გარემოში, ნეიტრალური პირის მონაწილეობის გარეშე. მას დაკავებისას სხეულზე ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონდა, მაგრამ შემდგომ ეტაპზე, პოლიციელების მიერ მისთვის მიყენებული წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტი, ექსპერტიზით დადასტურდა. ამასთან ერთად, დაცვის ძალისხმევით, გამოიკვეთა არაერთი საეჭვო გარემოება ბრალდების გასაქარწყლებლად.
სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, საბოლოოდ, გაიზიარა დაცვის პოზიცია და 2018 წლის სექტემბერში არასრულწლოვანი გ.გ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, სრულად გაამართლა.