Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იურიდიული დახმარების სამსახურის საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო

დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და სხვა საპატიო  სტუმრები. ცოტა ხნის წინ სწორედ ქუთაისის ბიუროში დაფიქსირდა უფასო იურიდიული დახმარების 150 000-ე კონსულტაცია. ბენეფიციარი აღმოჩნდა აფხაზეთიდან დევნილი დავით ჯანჯღავა, რომელსაც საზოგადოებრივი ადვოკატები ბინის შესაძინად საჭირო კომპენსაციის მიღებაში დაეხმარნენ. ადვოკატმა სოფიო ყუბანეიშვილმა სტუმრებს წარმატებული საქმის თანმიმდევრობა და დეტალები გააცნო.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებსა და დონორებს მხარდაჭერისთვის და შეაჯამა ორგანიზაციის  10 წლიანი მუშაობა. მან აღნიშნა, რომ გარდა კონსულტაციებისა, ამ ხნის განმავლობაში უფასო იურიდიული დახმარება მიიღო 100 000-მდე პირმა და ამ საქმების 90% სისხლის სამართლიდანაა. 25-30% -ით გაიზარდა გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა. შედგა 40 000-მდე სამართლებრივი დოკუმენტი და ა.შ. 

ცნობადობის ასამაღლებელი მედიაკამპანია, რომელიც ევროკავშირის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისში 1 დეკემბერს დაიწყო, მიზნად ისახავს, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და დახმარების მიღების მსურველთათვის უფასოა.  სამსახურს გააჩნია 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ორგანიზაცია მზად არის მოემსახუროს უფასო იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე კიდევ უფრო მეტ ადამიანს.