Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

დუისის მოსახლეობა, ამერიკელ სტუმართან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს გაეცნო

(21.07.2018) ახმეტის მუნიციპალიტეტში, ძირითადად ეთნიკური ქისტებით დასახლებულ სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში (პანკისის ხეობა), მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.  

შეხვედრაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ლიანა ჭუნიაშვილი, კონსულტანტი მერი ხაჩიძე, ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების –  ,,ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ წარმომადგენელი დავით ობოლაძე და ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი  მარინა მესხი.

თელავის ბიუროს იურისტებმა მოსახლეობას წარუდგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადებული პრეზენტაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ, გააცნეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში არსებული სამართლებრივი დახმარების სერვისები, მათ შორის, უფასო იურიდიული მომსახურება, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

შეხვედრას ასევე დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების ჰავაის შტატიდან მოწვეული სტუმარი – ეშლი დრეიკ ბერი, რომელიც მოქმედი ადვოკატია ოჯახში ძალადობის საკითხებზე. მან ადგილობრივ საზოგადოებას გაუზიარა თავისი გამოცდილება. ამერიკელი ადვოკატი საქართველოში სამუშაო ვიზიტით რამდენიმე დღეა იმყოფება და ფართოდ ეცნობა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მდგომარეობის და ძალადობის პრევენციის, ასევე, მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. იურისტებმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.