იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატის, იოსებ ჯამასპიშვილის, ძალისხმევით, რამინ მ.ო., რომელსაც, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის 9 წლით თავისუფლების აღლვეთა მიესაჯა, უზენაესმა სასამართლომ გაამართლა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ რამინ მ.ო. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და, სასჯელის სახით, 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, იოსებ ჯამასპიშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ამის შემდეგ, იოსებ ჯამასპიშვილმა საჩივრით უზენაეს სასამართლოს მიმართა.
საკასაციო საჩივარში, იოსებ ჯამასპიშვილი ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებებზე, რომ რამინ მ.ო.-ს დაკავება და მისი მონაწილოებით საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ისე, რომ იგი არ იყო უზრუნველყოფილი დამცველის მომსახურებით. ამასთან, სისხლის სამართლის საქმე აგებული იყო მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე, რომლებიც ეყრდნობოდა არა ოპერატიულ ინფორმაციას, არამედ ზეწოლის შედეგად მოპოვებულ რამინ მ.ო.-ს აღიარებით ჩვენებას.
უზენაესმა სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატის არგუმენტები გაიზიარა. კერძოდ, უზენაესი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რამინ მ.ო.-ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ან პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ შეიტანა ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში და წარდგენილ ბრალდებაში რამინ მ.ო. სრულად გაამართლა.