Top

რუსთავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი ადვოკატების ძალისხმევით, ნაფიცი მსაჯულები ბენეფიციარის უდანაშაულობაში დარწმუნდნენ.

სოციალურად დაუცველ ჯ.ა-ს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ვინაიდან საქმე იყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, საქმეში ჩაერთო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის-რუსთავის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატი-ნიკა გუჯაბიძე, რომელმაც გაარკვია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯ.ა. ცხოვრობდა ქ.რუსთავში ნაქირავებ ოთახში, დედასთან და მეუღლესთან ერთად, 9 კვადრატული მეტრი ფართის ბინაში. ოჯახი იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და საკვებს სასადილოდან იღებდა.

საქმის მასალების გაცნობის და ბენეფიციართან კომუნიკაციის შემდგომ ადვოკატისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯ.ა-ს არ ჩაუდენია მისი მეგობრის - ი.გ.-ს მკვლელობა და ვინაიდან ის წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, აბრალებდნენ, რომ მოკლა მისი საუკეთესო მეგობარი, ამასთანავე გამოძიების ინფორმაციით ი.გ. ბოლოს ჯ.ა-ს სახლში ნ.ს-თან და ჯ.ა-თან ერთად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. აღნიშნულს არც ჯ.ა. უარყოფდა და თავიდანვე მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, რასაც ფლობდა. 

დაახლოებით 8 დღის შემდეგ. ი.გ. იპოვეს მოკლული გარდაბნის ტერიტორიაზე. გარდაბანთან კი ჯ.ა-ს შემხებლობა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, პოლიციის მუშაკებმა ჯ.ა. დააკავეს ი.გ-ს განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს. ოფიციალურად დაკავებამდე, პოლიციელებმა ჯ.ა. და მისი თანმხლები პირები ნ.ს, ს.ს, ვ.ს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათ დაახლოებით დღე-ნახევრის განმავლობაში გარესამყაროსთან კომუნიკაციის, საკვების ან წყლის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. პოლიციის მიზანს წარმოადგენდა ჯ.ა-გან აღიარებითი ჩვენების მიღება, ან ნ.ს.-თვის ხელის დადება და მკვლელობის დაბრალება, ვინაიდან საქმე ჰქონდათ გასახსნელი. ჯ.ა.-მ არ დაიბრალა ის დანაშაული, რაც მას არ ჩაუდენია და ამასთანავე არ დაადო სხვას ხელი, ვინაიდან არ შესწრებია ყოველივეს. 
2024 წლის მაისში, საქმეში ჩაერთო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს უფროსი სულხან კომახიძე, ხოლო მოგვიანებით, ადვოკატი მარიამ ტაბატაძე. საქმეზე დაცვის მხარის მხრიდან მოხდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომლითაც დადასტურდა, რომ 2024 წლის 20 და 21 აპრილს (მკვლელობის დღეს) ჯ.ა. იმყოფებოდა სახლში სასმლის ჭარბი მიღების გამო ის გაითიშა და მთელი ღამის განმავლობაში ეძინა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა საქმის გამოკვლევის და მოძიებული მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დაარწმუნეს, რომ ჯ.ა.-ს არ მოუკლავს მისი მეგობარი. ის მკვლელობის დღეს საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა. დღეის მდგომარეობით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ჯ.ა-ს და ნ.ს-ს მიმართ პოლიციელთა მუშაკების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 8 დღიანი განხილვის შემდეგ, 2024 წლის 1 ნოემბერს ჯ.ა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ერთხმად, 12 ხმით 0-ის წინააღმდეგ უდანაშაულოდ ცნეს ი.გ-ს განზრახ მკვლელობის ჩადენაში. სსიპ იურიდიული დახმარების ადვოკატების მეშვეობით, კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გამართლდა და 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გადაურჩა. 

ვულოცავთ სულხან კომახიძეს, ნიკა გუჯაბიძეს და მარიამ ტაბატაძეს ამ მიღწევას და წარმატებას ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში.