Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხობში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გაიმართა

17 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა გამართეს ერთობლივი შეხვედრები ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან.

იურისტებმა მოინახულეს ხობში არსებული დევნილთა კოლექტიური განსახლების რამდენიმე ცენტრი, კერძოდ, ყოფილი ტექნიკუმი, ყოფილი ინფექციური საავადმყოფო და სპორტკომპლექსის შენობა, ასევე სკოლა–ინტერნატი.

შეხვედრების ფარგლებში, ორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დევნილთათვის განკუთვნილი იურიდიული სერვისების შესახებ. გარდა ამისა, დევნილებს გაეწიათ კონსულტაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სოციალური დახმარება და პროგრამები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; მიწის და უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები; მემკვიდრეობა; ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი“ მუშაობს დევნილთა საკითხებზე და“კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს” (LAG Consortium) წევრია. ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროსთან ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა იმ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც კონსორციუმსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის წელს გაფორმდა.

სამეგრელოს რეგიონში დევნილთა კოლექტიური განსახლების ცენტრებში  გასვლითი ღონისძიებების მიზანია  ადამიანის უფლებების კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე მოქალაქეთა ინფორმირება, იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი კუთხით მოქალაქეთა დახმარება.