Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხაშურში უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა გაიზრდება

23 ივლისს,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ხაშურში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, სოციალური სამსახურების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლებს, სკოლების დირექტორებს, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რწმუნებულებს, არასამთავრობო სექტორის,  სასამართლოს, პროკურატურის და პოლიციის  წარმომადგენლებს შეხვდა.

დირექტორმა შეკრებილ საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე. რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონებში იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. მათ შორის, ხაშურის საკონსულტაციო ცენტრიც, რომელიც შემოდგომაზე ამოქმედდება. ამით ხაშურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის შესაძლებელი გახდება მაღალკვალიფიციური იურისტის რჩევების მიღება ნებისმიერ საკითხზე. 

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატით, სასამართლოში საადვოკატო წარმომადგენლობის განხორციელების პირობებით, მემკვიდრეობისა და მიწის რეგისტრაციის საკითხებით. 

ცნობილია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის 53000-იანი მოსახლეობიდან  19 000 სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახის წევრია. მათგან 12 000-ზე მეტი ადამიანი გადახდისუუნარო პირია და ისინი უშუალოდ იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარების არიან. 

თუმცა საკონსულტაციო ცენტრში სამართლებრივი რჩევის მიღებას შეძლებს ნებისმიერი პირი  - მისი გადახდისუნარიანობისა და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.

აღსანიშნავია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის შედის შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაში. ბიუროს ოფისი გორში მდებარეობს. ხაშურში საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის უფასო სამართლებრივი დახმარების ხემისაწვდომობას აღნიშნული მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის.