Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიიღო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, თეა ყაულაშვილის, დახმარებით, სიერა–ლეონეს რესპუბლიკის მოქალაქეს – მ.ბ.ჯ.–ს, რომელსაც ლტოლვილთა სამინისტრომ თავშესაფრის მინიჭებაზე ორჯერ უთხრა უარი, სასამართლომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.

ეთნიკურად ფულა, აღმსარებლობით სუნიტი, მ.ბ.ჯ. 1997 წელს ქ. ფრითაუნში, სიერა–ლეონეს რესპუბლიკაში დაიბადა. მისი გადამოცემით, მამამისი – მ.ა.ჯ. იყო წევრი სიერა–ლეონეს სახალხო პარტიისა, რომელიც განსაკუთრებით 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს გააქტიურდა. კამპანიაში მონაწილეობის გამო, მ.ბ.ჯ.–ის ოჯახის წევრთა დევნა დაიწყო. კერძოდ, მისი სახლი დაწვეს, რის შედეგადაც დაიღუპა დედა, ორი და და ბიძაშვილი. ხოლო მამა დააკავეს და ციხის საკანში მოკლეს. ამის შემდგომ, მამის მეგობარმა მ.ბ.ჯ.–ს არალეგალურად დაუმზადა პასპორტი, სადაც მისი ასაკი ერთი წლით გაზრდილი მიუთითა. სხვაგვარად მ.ბ.ჯ. ქვეყანას ვერ დატოვებდა, რადგან რეალურად არასრულწლოვანი იყო.

მ.ბ.ჯ.–სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დავა 2013 წელს დაიწყო და 3 წელს გაგრძელდა. მ.ბ.ჯ–მ ლტოლვილთა სამინისტროს პირველი უარი ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა საქმე ხელახალი განხილვისათვის კვლავ ლტოლვილთა სამინისტროს დაუბრუნა, თუმცა სამინიტრომ თავშესაფრის მინიჭებაზე კვლავ უარი განაცხადა.

ამის შემდეგ, მ.ბ.ჯ.–მ მიმართა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურს, რომელსაც 2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელების დაცვა დაევალა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, თეა ყაულაშვილმა, ლტოლვილთა სამინისტროს პოზიციას, რომ მ.ბ.ჯ.–ს მონათხრობი სანდო არ იყო, დაუპირისპირა შემდეგი არგუმენტები: ოჯახის წევრების დაკარგვის გამო, მ.ბ.ჯ.–ს გადატანილი ჰქონდა უმძიმეს ტრავმა. ამასთან, მის მიმართ დევნის განხორციელების დროს, იგი იყო არასრულწლოვანი. გარდა ამისა, არ არსებობდა მყარი გარანტიები, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მ.ბ.ჯ.–ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა.

საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია, მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მ.ბ.ჯ–ის ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.