Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საოჯახო სამართლის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

9–10 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში, საოჯახო სამართლის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. სწავლებას იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტები დაესწრნენ. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდა „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ ექსპერტი საოჯახო სამართალში, იურიდიული ფირმა „VBAT”-ის პარტნიორი, ბატონი დავით კიკალეიშვილი. სწავლების ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: მშობლების მიერ შვილების რჩენის ვალდებულება; მშობლების უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, შეჩერება და ჩამორთმევა; არასრულწლოვანის წარმომადგენლის დაცვის უფლება; მეურვეობის და მზრუნველობის დაწესება და სხვა. ყურადღება გამახვილდა მშობელთა უფლებების სფეროში მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ასევე ქართული და ევროპული სასამართლოების პრაქტიკაზე.

სწავლება ჩატარდა ორწლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია უფასო იურიდიული დახმარების მიწოდებაში ჩართული ადვოკატებისთვის. სასწავლო პროგრამა მოიცავს 40–მდე სხვადასხვა თემაზე დაგეგმილ 150–ზე მეტ ტრენინგს, რომელიც, 2016–2017 წლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება. სწავლების ორგანიზების საკითხზე, იურიდიული დახმარების სამსახური თანამშრომლობს „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან“.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა პროფესიული განვითარება ერთ–ერთი პრიორიტეტია პროექტისა, სახელწოდებით – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.