იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, იოსებ ნატროშვილის, დახმარებით, სახელმწიფო ქონების მითვისებაში ბრალდებული ე.ა. სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.
დანაშაული, რომლის გამოც ე.ა.–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მოხდა 1997–1999 წლების შუალედში. გამოძიება ე.ა.–ს, რომელიც იმ პერიოდში „თბილისის სამშენებლო და ავტომექანიზაციის პროფესიულ სასწავლებელში“ მძღოლ–ინსტრუქტორად მუშაობდა, ედავებოდა სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ავტომობილის – „კამაზ–53212“–ის მითვისებას, რის შედეგადაც სახელმწიფოს 2669 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.
იმ საფუძვლით, რომ ე.ა. წლების განმავლობაში თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, მას, სავალდებულო დაცვის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ე.ა–ს ბრალი 2007 წელს წაუყენეს და, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა.
საქმეში ჩართვის შემდეგ, ადვოკატმა იოსებ ნატროშვილმა შეისწავლა საქმის მასალები, რის შედეგადაც არაერთი პროცესუალური დარღვევა გამოიკვეთა. კერძოდ, ე.ა.–სთვის წარდგენილი ბრალდება ეფუძნებოდა არა დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას, არამედ შემდგომ პერიოდში მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსს, რაც დარღვევას წარმოადგენდა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე უკვე გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, ე.ა.–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასამართლოს ასევე დაუშვებლად უნდა ეცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. გარდა ამისა, თავად ეს მტკიცებულებებიც მოპოვებული იყო პროცესუალური მოთხოვნების დარღვევით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატმა იოსებ ნატროშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და ე.ა.–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.