იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის, ძალისხმევით, თაღლითობაში ბრადებული 80 წლის ელენე კ. სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.
საზოგადოებრივი ადვოკატი, მამუკა ბასილაშვილი, ელენე კ.-ს ჯერკიდევ 2011 წლიდან იცავდა, თუმცა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესი იმდენად გაჭიანურდა, რომ ადვოკატმა სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და თავისი დაცვისქვეშ მყოფის უდანაშაულობის დამკტიცება მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეძლო.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ელენე კ., რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, მონაწილოებას იღებდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების - რობიზონ კ.-სა და შოთა ს.-ს მიერ ორგანიზებულ თაღლითურ სქემაში, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პირები, ელენე კ.-ის მეშვეობით, 3-ლარიანი საწევრო გადასახადის სანაცვლოდ, უმუშევარ და პენსიონერ მოქალაქეებს თავიანთ ორგანიზაციაში გაერთიანებას და, სანაცვლოდ, უცხოეთიდან მიღებული გრანტით, სოციალური დახმარების გაწევას პირდებოდნენ. რამდენიმეთვიანი საქმიანობის შედეგად, თაღლითებმა მოახერხეს 11 ათასზე მეტი მოქალაქის მოტყუება და მათგან 33 ათას ლარზე მეტი ოდენობის ფულადი თანხის მითვისება.
2011 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ რობიზონ კ. და შოთა ს. დამნაშავეებად ცნო თაღლითობის ჩადენაში. ელენე კ.-ის საქმე კი ცალკე წარმოებად გამოიყო და მისი განხილვა 2014 წლის ბოლომდე გაგრძელდა.
ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა რამდენჯერმე მიმართა პროკურატურასა და სასამართლოს საქმის განხილვის დროულად დასრულების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მართლმსაჯულების აღსრულების გაჭიანურების გამო, საზოგადოებრივმა ადვოკატმა საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და საჩივრის წარმოებაში მიღებასაც მიაღწია.
2014 წლის ბოლოს ელენე კ.-ის საქმის სასამართლოში განხილვა განახლდა. მოწმეებისა და დაზარალებულების გამოკითხვის, ასევე მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ელენე კ. უდანაშაულო იყო. კერძოდ, არ არსებობდა იმის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს ხნიერი ქალბატონი ინფორმირებული იყო რობიზონ კ.-ისა და შოთა ს.-ის ბოროტი ზრახვების შესახებ და, მათთან ერთად, ფულადი თანხების მითვისების მიზნით, მოქმედებდა. საქმეში არ მოიპოვებოდა არც იმის მტკიცებულებები, რომ ელენე კ. მოქალაქეთაგან მოპოვებულ ფულად თანხებს საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განკარგავდა.
აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივმა ადვოკატმა, მამუკა ბასილაშვილმა თავისი დაცვისქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და ელენე კ.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.