იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, გიორგი მდინარეძე, იცავდა არასრულწლოვან გიორგი ა.-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობაში.
საქმეში ჩართვის მომენტისათვის, დაწყებული იყო გამოძიება, დაიკითხნენ დაზარალებული და მოწმეები, ამოღებულ იქნა ნივთიერი მტკიცებულება, თუმცა მოპოვებული მასალები არ იყო საკმარისი გიორგი ა.-ს ბრალეულობის დასადასტურებლად.
აქტიური მოქმედებების შედეგად, ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ არასრულწლოვნისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქებას მიაღწია. კერძოდ, 2000 ლარინი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით - შეიცვალა ბრალდებულის გადაცემით მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ. პარალელურად, ადვოკატმა მიმართა პროკურატურას შუამდგომლობით, რომ არასრულწლოვანი განრიდების პროგრამაში ჩართული, თუმცა ბრალდების მხარემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი დაცვისქვეშმყოფის მიმართ ბრალდება აგებული იყო ირიბ მტკიცებულებებზე და მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ან პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მდინარაძის დაცვისქვეშმყოფი გაამართლა.