Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, მარტოხელა პენსიონერმა დევნილთა სამინისტროს დავა მოუგო

15 აპრილიდან, გადახდისუუნარო მოსახლეობამ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა დაიწყო. სერვისის ამოქმედებიდან მოკლე ხანში, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, აბელ გეგიას, ძალისხმევით, პენსიონერმა ქალბატონმა, მ.კ.-მ, დევნილთა სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო.

დევნილთა სამინისტრომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მ.კ.-ს დევნილის სტატუსი გასული წლის მარტში მოუხსნა და შემწეობის გადახდაც შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად კი მიუთითა ის გარემოება, რომ ქალბატონმა აფხაზეთის ტერიტორია 1991 წლამდე დატოვა. ანუ, მას არ მოუხდა ომის პერიოდში იძულებით გადაადგილება.  შესაბამისად, მ.კ. არ აკმაყოფილებდა დევნილის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილ კრიტერიუმებს.

მარტოხელა პენსიონერმა დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვიტა, თუმცა საკუთარი ხარჯებით ადვოკატის მოწვევა არ შეეძლო. ამიტომ, უფასო სამართლებრივი მომსახურებისთვის იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა, აბელ გეგიამ, შესძლო სასამართლოს დარწმუნება დევნილთა სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის არამართლზომიერებაში. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მ.კ.-ს სარჩელი. კერძოდ, დევნილთა სამინისტროს მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება დაევალა.

იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს, იურიდიული დახმარების სამსახური მ.კ.-ს ინტერესებს სააპელაციო სასამართლოშიც დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეებზე სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურება მხოლოდ 2015 წლის 15 აპრილიდან გახდა ხელმისაწვდომი. გადახდისუუნარო პირებს, საქმის სირთულიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვისა და დევნილთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ენიშნებათ.