თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი კონსულტაციისთვის მიმართა პენსიონერმა ქალმა ზ.ჭ.-მ. მან განაცხადა, რომ 1997 წლიდან მუშაობდა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე. რამდენჯერმე განხორციელდა სამსახურის რეორგანიზაცია, დროდადრო იცვლებოდა ორგანიზაციის სახელი. უწყვეტი იყო ბენეფიციარის სტაჟი.
თუმცა 2016 წლის მაისის თვიდან დამსაქმებელი ორგანიზაციის ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ორგანიზაციული ცვლილებები) შესაბამისად, ზ.ჭ. გათავისუფლდა შპს დაკავებული თანამდებობიდან.
ბენეფიციარი თვლიდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ და კვალიფიციური იურიდიული დახმარება სჭირდებოდა. თბილისის ბიუროს კონსულტანტმა ლალი ეუაშვილმა ზ.ჭ.-ს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია და როგორც პენსიონერს, რომელსაც არ აქვს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში სარეიტინგო ქულა, მოუმზადა სარჩელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და განიხილა.
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ჭ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის აღნიშნული ბრძანება; ბენეფიციარი აღადგინეს თანამდებობაზე; კომპანიას კი დაეკისრა ზ.ჭ. სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ანაზღაურება.
მოპასუხე მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩვრა. კონსულტანტმა ლალი ეუაშვილმა ბენეფიციარს კვლავ მოუმზადა სააპელაციო საჩივარი და გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია პროცესებთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყეტილება ძალაში დარჩა.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ბენეფიციართა ინტერესების დაცვას შრომით დავებზე ახორციელებს 2017 წლიდან.