თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დახმარების მისაღებად მომართა გადახდისუუნარო პირმა ა. ე. –მ, რომელიც აღნიშნავდა, რომ ბანკის ვალების გამო მისმა ოჯახმა დაკარგა ერთადერთი საცხოვრებელი ბინა, ოჯახი გახდა სოციალურად დაუცველი და რომ მისი ქონების დღევანდელი მესაკუთრე სასამართლო წესით ითხოვდა ა.ე–ის ოჯახის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. ა.ე–ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით – აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილიდან ჩანდა, რომ მისი ოჯახის გამოსახლება ჩანიშნული იყო 2019 წლის 20 მაისს. ბენეფიციარს სურდა გამოსახლების გადავადება ან შეჩერება.
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა მარინე ბარაქაძემ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებების საფუძველზე, ბენეფიციარს შეუდგინა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსადგენად, რომელიც ეხებოდა გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას.
სასამართლომ სრულად გაიზიარა განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები და ა.ე–ის ოჯახს გადაუვადდა გამოსახლება კანონში მითითებული ვადით.