Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი სრულად გამართლდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, გიორგი მდინარაძის დახმარებით, მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სრულად გამართლდა. 

სასამართლო განხილვისას ვერ მოხერხდა საქმეზე დაკითხული მრავალი მოწმიდან ყველას უშუალოდ წარმოდგენა და დაკითხვა, ამიტომ მნიშვნელოვანი ჩვენებების საჯაროდ წაკითხვა მოხდა. 

ადვოკატ გიორგი მდინარაძის შეფასებით, სასამართლო განხილვაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ვერ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ი.კ.-მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული - წარმოდგენილი მოწმეები არ იყვნენ ფაქტის უშუალო შემსწრენი, რის გამოც ვერ გაამყარეს საჯაროდ წაკითხულ მოწმეთა ჩვენებები. გარდა ამისა, მათ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები იყო.

ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ სწორედ აღნიშნულ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა საკანონმდებლო მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მისი მოთხოვნა იყო ი.კ-ის სრული გამართლება წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. 

ამდენად, ადვოკატმა საქმე ორივე ინსტანციაში მოიგო და მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა.