იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, გიორგი მდინარაძის დახმარებით, 160 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის ქურდობისთვის ძებნილი გ.ს. 5 წლამდე პატიმრობას გადაურჩა.
ადვოკატმა სასამართლო განხილვის პროცესში, მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვისას, მათი ჩვენებების არადამაჯერებლობისა და მიწოდებულ ინფორმაციებში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების გამოკვეთა შეძლო.
განსაკუთრებით გამოსაყოფია ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება, რომელიც დასაწყისში აცხადებდა, რომ აღნიშნული ტელეფონი მას ძებნილმა გ.ს-მ მიყიდა. აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა ჯვარედინი დაკითხვის პროცესში. ამიტომ, მისი მონაწილეობით გამოძიებაში ჩატარებული ამოცნობის ოქმი ვერ დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს. აღსანიშნავია, რომ ყველა მტკიცებულება ვარაუდებს ეყრდნობოდა და აღნიშნული ტელეფონის რეალური საბაზრო ღირებულება და მასთან ბრალდებულის რაიმე შემხებლობა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.
ადვოკატმა სწორედ ამ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება დასკვნით სიტყვაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები ვერ ქმნიდა განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა წარდგენილ ბრალდებაში ძებნილის სრული გამართლება მოითხოვა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის პოზიცია და გ.ს-ს მიმართ, რომელსაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.