Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ მევლუდ ჯანჯღავას დახმარებით, ქურდობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, მევლუდ ჯანჯღავას, დახმარებით, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლები ა.ლ, რომელსაც სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებაში ედებოდა ბრალი, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ა.ლ.–მ მოიპარა ველოსიპედი, რომელის საბაზრო ღირებულებაც 200 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ა.ლ.–ს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

საქმის სასამართლოში განხილვისას, ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იყო სუსტი და ა.ლ.–ის ბრალეულობის დასადასტურებლად საკმარისი არ იყო.

დაცვის მხარის მტკიცებით, მართალია, სამართალდამცველებმა ა.ლ.–სგან მართლაც ამოიღეს ველოსიპედი და წარმოადგინეს ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ჩანს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიმდებარედ, ველოსიპედით ხელში მიმავალი ბრალდებულის გადაადგილება, საქმის ვითარება სხვაგვარი იყო. კერძოდ, ა.ლ.–მ ველოსიპედი შეიძინა უცნობი პირისგან, რომელმაც, დაცვის მხარის ვარაუდით, ბრალდებულს ნაქურდალი ნივთი მიჰყიდა.

ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა ასევე ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ, სათავსო, საიდანაც ველოსიპედი მოიპარეს, იყო ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, იქედან ველოსიპედის წაღება ნებისმიერ პირს შეეძლო. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერი, სადაც ველოსიპედით მიმავალი ბრალდებულის გადაადგილება ჩანს, თავისთავად არ მიუთითებს ქურდობის ფაქტზე. მით უფრო, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს ისიც, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე ბრუნდება. დაცვის მხარის მტკიცებით, ეს ის მომენტი იყო, როდესაც ა.ლ.–მ ველოსიპედის დეტალებზე ტექნიკური წუნი შენიშნა და მეპატრონედ გაცნობილი პირისათვის ნივთის დაბრუნებას შეეცადა.

გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ გამოძიებას სათავსოდან არ აუღია სუნის კვალის ნიმუშები, ასევე არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი პირის იდენტიფიკაციას მოახდენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა.

საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის პოზიცია და ა.ლ.–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.