Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ აკაკი ლომსაძის დახმარებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა სამკვიდროს მიღება შეძლო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისი ბიუროს ადვოკატი, აკაკი ლომსაძე, ახორციელებდა სოციალურად დაუცველი და, მხედველობის პრობლემების გამო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, დ.მ.–ის, ინტერესების დაცვას თბილისის საქალაქო სასამართლოში, მემკვიდრეობის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის საქმეში.

დ.მ.–ს 2012 წელს გარდაეცვალა მამა, რომელსაც საკუთრებაში უძრავი ქონება გააჩნდა. ნოტარიუსისადმი მიმართვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო, ნოტარიუსმა უარი უთხრა დ.მ.–ს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ნოტარიუსის უარის გამო კი, დ.მ. ვერ ახერხებდა სამკვიდრო ქონების საკუთარ სახელზე რეგისტრაციას. მისი არაერთი მცდელობა, სასამართლოს დაედგინა მემკვიდრეობის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, სრულდებოდა უშედეგოდ, რადგან სასამართლო, განცხადებაში დაშვებული ხარვეზებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების არასაკმარისობის გამო, დ.მ.–ის საქმეს წარმოებაში არ იღებდა .

თავისი პრობლემების მოგვარება დ.მ.–მ მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა. ადვოკატმა, აკაკი ლომსაძემ, თავდაპირველად განსაზღვრა იურიდიული მნიშნელობის ფაქტის დასადგენად საჭირო გარემოებათა წრე, ხოლო შემდეგ კი დაეხმარა განმცხადებელს ამ გარემობათა დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებაში. მტკიცებულებათა მოძიების შემდეგ კი, ადვოკატმა, აკაკი ლომსაძემ, სასამართლოს წარუდგინა განცხადება ,,იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის – დ.მ.–ის მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ცნობის დადგენის შესახებ".

თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრმა განცხადება მიიღო წარმოებაში და დანიშნა სხდომა, რომელზეც ადვოკატმა, აკაკი ლომსაძემ, წარმოადგინა განმცხადებლის პოზიცია, მონაწილოება მიიღო მტკიცებულებათა წარდგენასა და გამოკვლევაში, აგრეთვე წარადგინა ახსნა–განმარტება და დაკითხა მოწმეები.

საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრმა დაადგინა დ.მ.–ის მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი და გამოსცა შესაბამისი დადგენილება. ამგვარი დადგენილების გამოცემის შედეგად, აღმოიფხვრა განმცხადებლის წინაშე არსებული სამართლებრივი პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა მას მემკვიდრეობით მიღებული ქონების საკუთრებად დარეგისტრირებაში.