Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იურიდიული დახმარების საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი აირჩიეს       

დღეს, თბილისში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა, იურიდიული დახმარების საბჭოში, 1 წლის ვადით, საკუთარი წარმომადგენელი აირჩიეს. ეს გახდა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, ზაქრო გვიშიანი, რომელიც, საბჭოს დანარჩენ 8 წევრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს იურიდიული დახმარების სამსახურის მართვასა და მონიტორინგში.

საბჭოს წევრის თითო კანდიდატურა იურიდიული დახმარების სამსახურის თერთმეტივე ბიურომ წარმოადგინა. კანდიდატებმა, რომლებიც, ფარული კენჭისყრით, ბიუროებში დასაქმებულმა ადვოკატებმა გამოავლინეს, კენჭი უყარეს ერთმანეთის პროგრამებს 1 წლის განმავლობაში საბჭოში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით. ზაქრო გვიშიანმა, 9 ხმით, 1-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა.

იურიდიული დახმარების ბიუროები თავიანთ წარმომადგენელს იურიდიული დახმარების საბჭოში უკვე მესამედ ირჩევენ. 2014 წელს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა საბჭოს წევრად თბილისის ბიუროს ადვოკატი, დავით ბოჭორიშვილი, 2015 წელს კი – ქუთაისის ბიუროს ადვოკატი, ვალერი კვატნალიანი, აირჩიეს.

იურიდიული დახმარების საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც შექმნილია 2014 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, ასევე სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. მასში, იურიდიული დახმარების ბიუროების წარმომადგენლის გარდა, ადვოკატთა ასოციაციის კვოტით - 3 წევრი, ასევე იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო სფეროს თითო წარმომადგენელი შედის.

საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, გარდა იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია.

იურიდიული დახმარების საბჭოს აკისრია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორებიცაა: სამსახურის დირექტორის არჩევა, სამსახურის სტრატეგიის დამტკიცება და მის შესრულებაზე კონტროლი, გადაწყვეტილების მიღება იურიდიული დახმარების ოფისის გახსნისა და დახურვის თაობაზე, სამსახურის საშტატო ნუსხის, დებულებისა და საქმიანობის მარეგულირებელი სხვა აქტების დამტკიცება და სხვა.