Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

უგზო–უკვლოდ დაკარგული მეომრის დედამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დავა მოუგო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს, წარმომადგენლის მეშვეობით, მიმართა ანნა ბ.–მ, რომელსაც სურდა მოეპოვებინა „ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს უგზო–უკვლოდ დაკარგული მეომრის ოჯახის წევრის“ სტატუსი და, ამის საფუძველზე, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიეღო.

ანნა ბ.–ს შვილი 1992 წელს უგზო–უკვლოდ დაიკარგა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს. 2014 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკარგული მეომარი გამოცხადდა გარდაცვლილად. გარდაცვალების თარიღად განისაზღვრა 1993 წლის 1 ოქტომბერი, ადგილად კი – აფხაზეთი.

სწორედ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაეყრდნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელმაც უარი უთხრა ანნა ბ.–ს განცხადების დაკმაყოფილებასა და მისთვის დაკარგული მეომრის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე. უარის თქმის მიზეზად მითითებული იყო ის გარემოება, რომ ანნა ბ.–ის შვილის გარდაცვალების თარიღად სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული იყო 1993 წლის 1 ოქტომბერი – თარიღი, როდესაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, ხოლო ქართული საბრძოლო დანაყოფები გამოყვანილი იყვნენ აფხაზეთის ტერიტორიიდან.

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატმა, ვლადიმერ გამრეკელაშვილმა, შეადგინა სარჩელი, რომლითაც  თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მოითხოვა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ანნა ბ.–ს მიმართ მანამდე მიღებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რითაც ანნა ბ.–ს „ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს უგზო–უკვლოდ დაკარგული მეომრის ოჯახის წევრის“ სტატუსს მიენიჭებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ აღნიშნული სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. თუ მოპასუხე მხარე ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, ანნა ბ.–ს 1000 ლარის ოდენობის ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნება.