იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, აგელ გეგიას, ძალისხმევით, აფხაზეთიდან დევნილმა ქორდიკო ს.–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგო ეკონომიკის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული დავა, რომელიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ეხებოდა.
ქორდიკო ს.–მ იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა მას შემდეგ, რაც დევნილთა სამინისტროსგან მიიღო უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. უარის მიზეზი გახდა რამდენიმე წლის წინ ქორდიკო ს.–ის შვილთან - მალხაზ გ.–სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის პირობითაც, საცხოვრებელი ბინით კმაყოფილდებოდა როგორც მალხაზ გ., ისე თავად ქორდიკოც.
ადვოკატმა აბელ გეგიამ შეისწავლა საქმის დეტალები და სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლისგანაც მოითხოვა: 1) მალხაზ გ.–სა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქორდიკო ს.–ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში. 2) საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების ბათილად ცნობა, საცხოვრებელი ფართის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქორდიკო ს.–სთვის გადაცემის ნაწილში.
საქმის სასამართლოში განხილვისას, საქმეში მესამე პირად ჩაერთო დევნილთა სამინისტრო. მოპასუხეთა და მესამე პირის წარმომადგენელებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და ხანდაზმული.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატ აბელ გეგიას მიერ შედგენილი სარჩელი. იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, ქორდიკო ს. მოიპოვებს უფლებას, მოსთხოვოს დევნილთა სამინისტროს მისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა.