იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, სულხან კომახიძე, იცავდა ზაზა ს.–ს, რომელსაც ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით), 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) და 390–ე მუხლით (სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. საქმე განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ
საქმის მასალების თანახმად, ზაზა ს.-მ, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნაში ყოფნის დროს, სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, მოიკვეთა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი. 2015 წლის 14 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ყაჩაღური თავდასხმის მიზნით ბრალდებულმა გააჩერა ტაქსი და გადაადგილებისას მძღოლს რამდენჯერმე ჩაარტყა კისერში. ამ უკანასკნელმა, გააჩერა ავტომობილი და სცადა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა, თუმცა ზაზა ს. დაედევნა და დანის მუქარით მოსთხოვა გადაეცა თანხა, მობილური ტელეფონი და ავტომანქანის გასაღები. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან განიზრახა მოეკლა ვლადიმერ ი. , ზურგისა და კისრის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები დანით და მიიმალა. ვლადიმერ ი.-მ, რამდენიმე წუთის შემდეგ, შეძლო დახმარების გამოძახება და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულს არ ჩაუდენია განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; არ ჩაუდენია ყაჩაღობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; არ ჩაუდენია სხეულის თვითდაზიანება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით და გაამართლა ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, დაცვის მხარის შეთავაზებით ზაზა ს, დამნაშავედ სცნო შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში – ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების და ძარცვის ჩადენისთვის. ბრალდებულს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.