Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია

ონლაინ დახმარება

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია

ბაზაში რეგისტრაციისათვის საჭიროა ოჯახიდან ერთ-ერთმა სრულწლოვანმა წევრმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს და დაწეროს განცხადება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ.

ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, თუ მას მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა.

სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა მოხდეს განცხადებით, მიმართვიდან 3 თვის ვადაში.

განცხადების დაწერიდან 1 თვის განმავლობაში შესაბამის მისამართზე განმცხადებელს ოჯახში მიაკითხავს სოციალური აგენტი, რომელიც შეამოწმებს ოჯახის ქონებას, შემოსავალსა და ხარჯებს. შემოწმების შედეგად ივსება ოჯახის დეკლარაცია. შემდეგ კი ოჯახის შემოწმებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ოჯახს მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ენიჭება სარეიტინგო ქულა.

სარეიტინგო ქულით განისაზღვრება ის, თუ რა სახის დახმარებას მიიღებს სახელმწიფოსაგან ოჯახი. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.

საარსებო შემწეობის ოდენობა ეფუძნება ოჯახის წევრთა რაოდენობასა და მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდეს.

საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობისთვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან მეორე თვეს.

  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
  • იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
  • ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას 3 დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
  • სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
  • სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი.

2015 წლის 01 მაისამდე შეფასებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაა 57001-მდე, საარსებო შემწეობა შეადგენს:

  • ერთსულიანი ოჯახისათვის 60 ლარს;
  • ორ და მეტსულიანი ოჯახისთვის 60 ლარს დამატებული 48 ლარი ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე.

2015 წლის 01 მაისის შემდეგ შეფასებული ოჯახებისთვის ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე ნაკლებია, განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე მეტია, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე, განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 57001-ზე მეტია, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე, განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 60001-ზე მეტია, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე, განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია, განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლის ასაკის წევრზე.

სოციალური დახმარების გაცემა შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ:

  • ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;
  • ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი;
  • ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;
  • შეიცვალა ოჯახის შემადგენლობა;
  • ოჯახს დაემატა სრულწლოვანი წევრი;
  • ოჯახში ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან გასულია 2 წელზე მეტი;
  • ოჯახი უარს აცხადებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე;
  • ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.

საარსებო შემწეობის მიღება, შეჩერება ან შეცვლა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

  • ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილება (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება და სხვ.);
  • ოჯახის წევრისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება ან დაკარგვა;
  • დასაქმება, ლეგალური შემოსავალი;
  • ასევე, კანონით დადგენილი სხვა შემთხვევები.

დევნილები, რომლებიც იღებენ დევნილის ყოველთვიურ შემწეობას, იმავდროულად ვერ მიიღებენ საარსებო შემწეობასაც, მათ უნდა აირჩიონ ერთ-ერთი შემწეობის მიღება.

საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს შეუძლია:

  • მიიღოს საარსებო შემწეობა;
  • მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი;
  • საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სოციალური პაკეტი, სახელმწიფო პენსია/კომპენსაცია, სხვა ინდივიდუალური სოციალური დახმარება ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემელი, თუ კანონნმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  • გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას;
  • მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა;
  • მოითხოვოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:

  • აცნობოს მომსახურების სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.) და/ან ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ;
  • აცნობოს აღნიშნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს არაუგვიანეს 1 თვისა.

ოჯახს, რომელიც მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება. ოჯახმა ხელახალი გადამოწმება შემწეობის მისაღებად შეიძლება მოითხოვოს ბოლო შემოწმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

ხელახალი გადამოწმების დროს გამოიყენება პირველადი შემოწმების წესები, პროცედურები და ვადები. 

ოჯახის ხელახლა გადამოწმებაზე უარის ან ხელახლა გადამოწმების დროს მინიჭებულ ქულაზე კვლავ არ დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სოციალური მომსახურების სააგენტოში (ცენტრალურ ოფისში). ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.