Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალთა მიმართ ანდა ოჯახში ძალადობა

ონლაინ დახმარება

ქალთა მიმართ ანდა ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

ძალადობის ფორმებია:

ფიზიკური ძალადობა: ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა: შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს;

ეკონომიკური ძალადობა: ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებით შეზღუდვას;

სექსუალური ძალადობა: სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

იძულება: ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება, ან რომლისგან თავის შეკავება, მისი უფლებაა, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

უგულებელყოფა: მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა მაშინ, როდესაც მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელიც მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის დროს ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასევე, პირი, რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე.

მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;

ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს

ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანთა შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვთ: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით მიმართვის უფლება აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

სისხლის სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემთხვევებში, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება; გაუპატიურება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დაკარგვა და სხვა ამგვარი;

ასევე განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და პირობების შეუსრულებლობისათვის.

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის დროს მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმებით და მოითხოვოს ძალადობის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლისთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად.

ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით იყენებს დამცავ და შემაკავებელ ორდერებს.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები. ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება არ აფერხებს მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის გამოცემას.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც, ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.

შემაკავებელ და დამცავ ორდერებს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში:

შემაკავებელ ორდერს გამოსცემს პოლიციის თანამშრომელი, უშუალოდ ფაქტზე რეაგირების დროს (კონკრეტული ძალადობის ფაქტის დროს პოლიციის გამოძახებისას) და იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შემაკავებელი ორდერის ასლი, ასევე დაუყოვნებლივ ეგზავნება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

დამცავ ორდერს გამოსცემს სასამართლო და ამისათვის საჭიროა სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვა. სასამართლო, უფლებამოსილი პირის განცხადების მიღებიდან, 10 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

კანონის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან პირს, მსხვერპლის თანხმობით, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. აღნიშნულის თაობაზე ხსენებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასამართლოს.

შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში, და დამატებით – არა უმეტეს 3 თვისა, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე თუ მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით არასრულწლოვნის) ინტერესებს.

  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით;
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;
  • მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;
  • ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;
  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით;
  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია;
  • „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.

დამცავი ორდერის გამოცემით მოძალადეს შეიძლება შეეზღუდოს შემდეგი უფლებები:

  • მსხვერპლთან, ან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან მიახლოება;
  • თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა;
  • არასრულწლოვანთან ურთიერთობა;
  • იარაღის შეძენა, შეძენაზე ნებართვის მოპოვება, მათ შორის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით სარგებლობის უფლება.

 შესაძლოა, ორდერის გამოცემისას ერთდროულად დადგეს ყველა სახის შეზღუდვა.

არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვანი განაცალკევოს. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.

არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი.

დაუშვებელია ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით;

დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა, ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში; ასევე, მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.

არასრულწლოვნის (ბავშვის) მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ: სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება.

არსებობს კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.

ასევე, შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც, როდესაცეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა.

თუ თქვენ გახდით ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ძალადობის თაობაზე, გთხოვთ, 24 საათის განმავლობაში დარეკოთ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე:

+995 32 116 006 ან 112