Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურიდიული კლინიკის პროექტი

ონლაინ დახმარება

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ კვალიფიციური კადრების მომზადებისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს სამსახურის მიერ მომზადებული იურიდიული კლინიკების პროექტი.

პროექტის ამოცანაა საქართველოში იურიდიული კლინიკების პოპულარიზაციით იურისტ სტუდენტთა პრაქტიკული ცოდნის ამაღლება. სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ბაზაზე შეიქმნა იურიდიული კლინიკები, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტების სისხლის სამართლის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ზედამხედველობის ქვეშ გადიან პრაქტიკას. პრაქტიკასთან ერთად სტუდენტებს უტარდებათ სემინარები შემდეგ თემებზე: ადვოკატის პროფესიული პასუხისმგებლობა, ეთიკის საკითხები, კონფიდენციალურობის საკითხები (საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა, საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ, საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, იურიდიული დახმარების სამსახურის სტანდარტები), კლიენტთან ინტერვიუს ჩატარების თავისებურებები, სასამართლო ადვოკატირების უნარ-ჩვევები, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა (მოიცავს აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების სტანდარტებს, პრეცედენტული სამართლის მიმოხილვას), ადვოკატის საგამოძიებო უფლებამოსილება, სამართლებრივი წერის კულტურა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. სწავლების დასასრულს, სტაჟიორები მონაწილეობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. კლინიკის ბოლოს ისინი ჯილდოვდებიან პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატით.

იურიდიული კლინიკის პროექტი სტუდენტთა პროფესიული ზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ერთის მხრივ, პროექტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას შეიძინონ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მეორეს მხრივ, ადვოკატებიც მნიშვნელოვან დახმარებას იღებენ სტაჟიორი სტუდენტებისაგან. გრძელვადიან პერსპექტივაში, სტუდენტები, რომლებიც ბიუროებში გაივლიან სტაჟირებას იურიდიული დახმარების სამსახურის მომავალ კადრებად მოიაზრებიან. ისინი უკვე გაცნობილი იქნებიან იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზაციულ კულტურასა და ღირებულებებს, მის პრინციპებსა და სტანდარტებს.

დღემდე, იურიდიული დახმარების სამსახური წარმატებით ახორციელებს სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის პროექტს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე, აქტიურად თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთან, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან.