Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საოჯახო სამართალი

ონლაინ დახმარება

საოჯახო სამართალი

ქორწინების რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

ქორწინება შეიძლება განახორციელოს ნოტარიუსმაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

  • საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი.
  • შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) არ წარმოშობს შემდგომში ქორწინების ვალდებულებას. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში უბრუნდებათ მხარეებს. ნიშნობა არ არის სასამართლო წესით იძულებითი დაქორწინების საფუძველი.

დაქორწინება არ დაიშვება:

  • იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
  • პირდაპირ, აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის;
  • ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
  • მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
  • იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქორწინო ხელშეკრულება.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდე და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს; რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.

საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე უნდა დაიდოს, თუ ერთ-ერთი მეუღლე მაინც მხარდაჭერის მიმღებია. საქორწინო ხელშეკრულების დადების პროცესში აუცილებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აგრეთვე, მხარდამჭერის ჩაბმა იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლებია:

  • ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება;
  • კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება;
  • განქორწინება.

ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში განქორწინება ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (იუსტიციის სახლში). აღნიშნულ ორგანოს მეუღლეები მიმართავენ ერთობლივი განცხადებით ან მათი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით.

თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა განქორწინება ხდება სასამართლოს წესით.

განქორწინება შეიძლება განახორციელოს ნოტარიუსმაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისთვის განქორწინების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს ერთ-ერთ მეუღლეს, თუ:

  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
  • მეორე მეუღლე კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
  • მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 3 წლისა.

ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლში. განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება  მათი საერთო საკუთრებააიმ შემთხვვაშიც, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას და არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიღებაზე მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, ცოლს - ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში.

შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, ინარჩუნებს სარჩოს მიღების უფლებას განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე ან 1 წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.

სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მეუღლე რჩენის მოვალეობისაგან ან განსაზღვრული ვადით შეცვალოს ეს მოვალეობა, თუ მეუღლეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ ხანმოკლე დროით, ანდა მატერიალური დახმარების მომთხოვნმა მეუღლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა სარჩოს გადამხდელის მიმართ, აგრეთვე, თუ მატერიალური დახმარების მომთხოვნი მეუღლის შრომისუუნარობა გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით ან მი სმიერ განზრახი დანაშაულის ჩადენით. 

მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით, მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.