Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ბათუმელი მოსწავლეები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს გაეცნენ

2019 წლის 12 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ, ადვოკატებმა ნატო ირემაძემ და დავით კეკელიძემ  ჩაატარეს სემინარი ბათუმის #15 საჯარო სკოლის მე–9, მე–10, მე–11, ე–12 კლასის მოსწავლეებთან, რომელთა შორისაც იყვნენ ბავშვები დევნილთა ოჯახებიდანაც.  შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საჯარო სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი დონის ამაღლება, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია, მათი მაქსიმალურად ინფორმირება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასაწყისში აჭარის ბიუროს კონსულტანტმა  მიმოიხილა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და ფუნქციები,  მიაწოდა ინფორმაცია აუდიტორიას იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერი ორგანიზაციების შესახებ,  უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის, როგორც ძირითადი, ასევე საგამონაკლისო კრიტერიუმების შესახებ. 

ადვოკატებმა წარადგინეს პრეზენტაცია სისხლის სამართლის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა, ცალკეული დანაშაულებები, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ცივი იარაღის ტარება, ხულიგნობა, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ,  არასრულწლოვნის უფლებები და მოვალეობები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის სტატუსი, უდანაშაულობის პრეზუმფცია, მართლმსაჯულების სისტემა, პასუხისმგებლობის ასაკი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები და ა. შ. მოსწავლეები გაეცნენ ოჯახში ძალადობის ფაქტებს, მსხვერპლთა უფლებებს, მათი დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებებსა და მექანიზმებს, „შემაკავებელი“ და „დამცავი“ ორდერის მნიშვნელობას, ვადებს, გამომცემი ორგანოებს, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლსა და ფუნქციებს, ძალადობის აღკვეთის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმებს. 

აღსანიშნავი იყო მოსწავლეთა დაინტერესება წარმოდგენილ პრეზენტაციებთან დაკავშირებით და მათი აქტიური ჩართულობა. ბავშვბემა დასვეს უამრავი კითხვა, დააფიქსირეს თვიანთი მოსაზრებები  სხვადასხვა სამართლებრივ თემებთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს  გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.