Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ღონისძიებები კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროში

რა ითვლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობად, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლებისთვის თავის დასაცავად, ვის  და როგორ უნდა მიმართონ, თუ პრობლემის წინაშე დადგნენ – ამ თემებზე შედგა საუბარი,  30 ნოემბერს, პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში,  გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები უძღვებოდნენ. საზოგადოებრივი ადვოკატები ალექსი ტუსნიაშვლი, თამარ ბაწელაშვილი, ლიანა ჭუნიაშვილი შეხვდნენ სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებს (შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ოცდარვა დამსწრემ, მათ შორის, სამმა მამაკაცმა).  შეკრებილებმა ნახეს ,,გაეროს ქალთა ორგანიზაციის’’ მიერ მომზადებული 45 წუთიანი  დოკუმენტური  ფილმი სახელწოდებით ,,ხმა ამოიღეთ’’. ადვოკატებმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, ასევე,  ქალთა უფლებები. გარდა აღნიშნულისა, მოსწავლეებს და შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სხვა თავისებურებები, უპასუხეს შეკითხვებს საქორწინო და საოჯახო დავებთან დაკავშირებით,   დამსწრეებს გადაეცათ სამსახურის ბუკლეტები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სოფელში კომპაქტურად ცხოვრობს ქისტი მოსახლეობა. ღონისძიება შედგა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კამპანიის – „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

 6 დეკემბერს კი კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ოფისს ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის, სასამართლოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას უძღვებოდა ბიუროს უფროსი ლიანა ჭუნიაშვილი, რომელმაც სამსახურის 10 წლიანი  მუშოაბის ანგარიში წარმოადგინა და ისაუბრა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც ამ  ორგანიზაციამ ითამაშა ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით.  ევროკავშირის დახმარებით, შესაძლებელი გახდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გადახდისუუნარო პირებისათვის უფასო იურიდიული მომსახურების (დოკუმენტების შედგენა) და სხვა საადვოკატო მომსახურების უზრუნველყოფაც, რაც ნებისმიერი მოქალაქისათვის მართლმსაჯულების სისტემებზე თანაბარ წვდობას  უწყობს ხელს. 

2007 წლიდან  საბიუჯეტო დაფინანსების გზით (რაც12 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს), ევროკავშირი  იურიდიული დახმარების სამსახურის შესაძლებლობათა განვითარებას, თანამშრომელთა პროფესიონალურ ზრდას, მომსახურების გაუმჯობესებას და პარტნიორი პროგრამების (გაეროს განვითარების პროგრამა) საშუალებით,  ახორციელებს  იურიდიული დახმარების სამსახურის ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას.
თელავის ბიუროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ბენეფიციარები, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას მოუთხრეს, თუ როგორ დაეხმარნენ მათ საზოგადოებრივი ადვოკატები სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ამ საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას აქვს საშუალება სამართლებრივი დახმარება სრულიად უფასოდ მიიღოს.