კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი რამდენიმე 2014 წლიდან იცავდა თელავში მცხოვრები ბრალდებულის პ.ს–ს ინტერესებს.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2014 წლის სექტემბერში, პ.ს–მ, სასაზღვრო გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის“გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ,,ფსევდოეფედრინი“ შემოიტანა. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261–ე და 263–ე მუხლებით, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ პიროვნებას წინათაც აქვს ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაული. პ.ს–ს საპატიმროში თითქმის 5 წელი უნდა გაეტარებინა.
საზოგადოებრივი ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი სისხლის სამართლის საქმეში მაშინ ჩაერთო, როცა ბრალდების მხარემ პ.ს.–ს საპროცესო გარიგება შესთვაზა. ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მისცა ის ჩვენება, რასაც მისგან ბრალმდებელი ითხოვდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში პ.ს–ს საზღვარზე ფსიქოტროპული ნივთიერება არ შემოუტანია. იგი ნამდვილად იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ჩვეულებრივად შემოვიდა სამშობლოში და მხოლოდ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მას ნაცნობი შეხვდა და წამლები სხვა პიროვნებისთვის გადასაცემად გამოატანა. ადვოკატის დახმარებით, ბრალდებული პ.ს. ნაწილობრივ გამართლდა – მას ფსიქოტროპული ნივთიერების საზღვარზე გადმოტანის ბრალდება მოეხსნა.
2015 წლის აპრილში კი მას პროკურატურამ ცრუ ჩვენებისთვის წაუყენა ბრალი – საქ.სსკ–ის 370–ე მუხლის მე–2 ნაწილით (თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით).
ბრალდებულმა, რომელსაც ამჯერად ნამდვილად არ ჰქონდა საპროცესო გარიგების გაფორმების იმედი, გაითვალისწინა ადვოკატის კვალიფიციური რჩევა და სასამართლოს სრული სიმართლე მოახსენა. მან მოყვა ის, რაც მას სინამდვილეში გადახდა. ადვოკატმა სასამართლო განხილვისას მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, ასევე საქმეში არსებული საეჭვო გარემოებების გათვალისწინებით მიუთითა, რომ საქმეში არ არის არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება იმის დამადასტურებელად, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქ.სსკ–ის 370–ე მუხლით (ცრუ ჩვენება) გათვალისწინებული დანაშაული. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება გამორიცხავს მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
საბოლოო ჯამში, 2018 წლის მარტში თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის, ლალი ჩაველაშვილის პოზიცია და ბრალდებულ პ. ს.–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.