Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

კონსულტანტ ნათია ბერძენიშვილის დახმარებით, მოქალაქემ კუთვნილი ხელფასის მიღება შეძლო

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტის, ნათია ბერძენიშვილის ძალისხმევით, თეიმურაზ ხ.–მ, რომელიც წლების მანძილზე კუთვნილი ხელფასის მიღებას და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას ვერ ახერხებდა, დამსაქმებელთან დავა მოიგო.

მოქალაქე თეიმურაზ ხ.–მ, რომელიც 2006–2012 წლებში შპს „ტავაზში“ მძღოლად მუშაობდა, დახმარებისათვის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს მიმართა. მისი განცხადებით, 2009 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში, დამსაქმებელმა გააგზავნა კაზრეთში, ოქროს საბადოზე, ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად, სადაც მისი ანაზღაურება უნდა ყოფილიყო 700 ლარი. თუმცა, დაპირების მიუხედავად, შპს „ტავაზმა“ თეიმურაზ მ.–ს არც ამ 3 თვის ხელფასი და არც სხვა თვეების ხელფასის ნაწილი – 566 ლარი არ აუნაზღაურა.

თავდაპირველად, ბიუროს კონსულტანტმა, ნათია ბერძენიშვილმა, მოქალაქეს შეუდგინა განცხადება, რომლითაც თეიმურაზ ხ.–მ  შპს „ტავაზისგან“ კუთვნილი გასამრჯელო მოითხოვა. თუმცა, ამას, დამსაქმებლის მხრიდან, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ, ნათია ბერძენიშვილმა მოამზადა სარჩელი, რომელიც თეიმურაზ ხ.–მ, შპს „ტავაზის“ წინააღმდეგ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა.

აღნიშნული სარჩელის პასუხად, შპს „ტავაზმა“ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომელშიც განაცხადა, რომ თეიმურაზ ხ. კაზრეთში მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა და სხვა ფიზიკური სამუშაო არ შეუსრულებია. გარდა ამისა, შპს „ტავაზი“ განმარტავდა, რომ ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვის შესახებ  გაფორმებული იყო ერთ-ერთ ინდ.მეწარმესთან და არა უშუალოდ თეიმურაზ ხ.-სთან, ამიტომ მძღოლისთვის ხელფასის გადახდაც და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებაც სწორედ ამ ინდ.მეწარმეს ეკისრებოდა. მოპასუხე მხარემ თეიმურაზ ხ.-ის მიმართ მხოლოდ 566 ლარის ოდენობის სახელფასო დავალიანების არსებობა აღიარა და მის ეტაპობრივ დაფარვას დათანხმდა.

სასამართლო განხილვის დროს, ინდ.მეწარმესა და თეიმურაზ ხ.-ს შორის ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ იქნა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ შპს „ტავაზსა“ და ინდ.მეწარმეს შორის ტვირთის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება თეიმურაზ ხ.-ს თანხმობის გარეშე იყო დადებული. ამიტომ, სასამართლომ აღნიშნული გარიგება ბათილად ჩათვალა.

საბოლოოდ, თეიმურაზ ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. წარმოდგენილი საგზურების მიხედვით, დაანგარიშდა სამივლინებო ხარჯები და, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „ტავაზს“, თეიმურაზ ხ.-ის სასარგებლოდ, ჯამში 1516 ლარის გადახდა დაეკისრა.