Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მცხეთელ პენსიონერს პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა სრულად მოეხსნა

მცხეთაში მცხოვრები პენსიონერი გ.ა., ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ერთწლიან პირობით სასჯელს იხდიდა.  მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით. იმის გამო, რომ ბენეფიციარი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი იყო. მას, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით, დაენიშნა მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ქეთევან თალაკვაძე. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ბენეფიციარის ინეტრესების დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგაც განაგრძო. გამოსაცდელი ვადის ნახევარის გასვლის შემდეგ, გ.ა.-მ კვალვ მიმართა უფლებადამცველს, დახმარებოდა  პირობითი მსჯავრის და შესაბამისად, ნასამართლობის  ვადაზე ადრე მოსხნის საქმეში. 

ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ განცხადებით მიმართა მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს.  განცხადებაში მოყვანილი იყო არგუმენტები, რომ მსჯავრდებული გ.ა. კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კვირაში ერთხელ ცხადდებოდა პრობაციის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ დროს და დანიშნულ ადგილას, არცერთხელ დაურღვევია შინაგანაწესი, მსჯავრდებული იყო გაუფრთხილებლობითი დანაშაულისათვის, წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი. ამავე დროს, აღნიშნული ბენეფიციარი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ამიტომ ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი მისთვის წარმოადგენდა  დამაბრკოლებელ გარემოებას, რათა ისევ გამხდარიყო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.  ყველაზე მნიშვნელოვანია: მძიზე ფინანსური მდგომარეობიდან  გამომდინარე, გ.ა.-ს უჭირდა პრობაციის ბიუროში რეგულარული გამოცხადება.

საზოგადოებრივი ადვოკატი დაეყრდნო მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ მუხლებს და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების  საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას სთხოვა, გულისხმიერად განეხილა გ.ა.-ს საქმე, რათა დარწმუნებულიყო, რომ გამოსაცდელი ვადის და ნასამართლობის მოხსნა  მეტად შეუწყობდა ხელს მსჯავრდებულის რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

აღნიშნულმა  კომისიამ განცხადებაში მოყვანილი არგუმენტაცია გაიზიარა.  შედეგად, ბენეფიციარ გ.ა.-ს სრულად მოეხსნა პირობითი მსჯავრი და შესაბამისად ნასამართლობა.