Top
ონლაინ დახმარება

ქრონიკა:

2005-2006 წწ. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, საცდელი პროექტის ფარგლებში, შეიქმნა „საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახური“. თბილისსა და ზესტაფონში გაიხსნა პირველი ბიუროები.

2007 წ. ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“, რომელმაც იურიდიული დახმარების სისტემის ინსტიტუციური მოწყობა, ბენეფიციართა წრე და სერვისით სარგებლობის პირობები განსაზღვრა. ქვეყნის მასშტაბით, დამატებით ამოქმედდა  იურიდიული დახმარების 8 ახალი ბიურო.

2008 წ. გაიხსნა პირველი საკონსულტაციო ცენტრები ოზურგეთსა და ამბროლაურში. დაიწყო მუშაობა იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემაზე, ასევე საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიულ სტანდარტებზე. ამოქმედდა სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის პროექტი.  

2009 წ. შეიქმნა მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი. მასში რეგისტრირებული ადვოკატები საქმეებში ერთვებიან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში.  

2010 წ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ახალციხეში, მარნეულში, ახალქალაქსა და წალკაში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ბიუროები, სადაც ორენოვანი იურისტები დასაქმდნენ.

2011 წ. სამსახურის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს, სხვადასხვა დროს, ეწვივნენ იორდანიის, ყაზახეთის, ინდონეზიის, ბანგლადეშისა და უკრაინის, ასევე ერაყის დელეგაციები. საქართველო გაერთიანდა იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელში (LARN).

2012 წ. გაერომ მიიღო რეზოლუცია იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე, რომელმაც პირველად დაადგინა ეფექტური იურიდიული დახმარების გაწევის ძირითადი პრინციპები და ინსტრუქციები სისხლის სამართლის საქმეებზე. საქართველო იყო დოკუმენტის მიღების ერთ–ერთი ინიციატორი.

2013 წ. დაინერგა კომპიუტერული პროგრამა CaseBank, რომელიც ამარტივებს ბიუროს საქმიანობის ორგანიზებას. გარდა ამისა, შემუშავდა „საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის სახელმძღვანელო წესები“, აგრეთვე „გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები“.

2014 წ. იურიდიული დახმარების სამსახური გახდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია. შეიქმნა სამსახურის სამეთვალყურეო კოლეგიური ორგანო – იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც 9 წევრითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა 3 წელია.

2015 წ. სამსახურის მანდატი გაფართოვდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. კერძოდ, საადვოკატო მომსახურება უზრუნველყოფილი გახდა საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე. როცა ბენეფიციარი გადახდისუუნაროა, ხოლო საქმე – რთული და მნიშვნელოვანი.

2016 წ. კვლავ გაიზარდა სამსახურის მანდატი და მოიცვა: 18–21 წლამდე ბრალდებულების სავალდებულო წესით დაცვა, ასევე არასრულწლოვანი დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმის დაცვა; საადვოკატო მომსახურება თავშესაფრის მაძიებლებისათვის. სიღნაღში ამოქმედდა იურიდიული დახმარების მე–12 ბიურო.

2017 წ. სამსახურს დაევალა ძალადობის მსხვერპლთა დაცვა გადახდისუუნარობის მიუხედავად. შეიქმნა იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი. განახლდა სამსახურის ვებგვერდი. ჩატარდა რეგიონული კონფერენცია – „დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების გამოწვევები და მნიშვნელობა“.

2018 წ. თბილსში ჩატარდა "სისხლის სამართლის სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის" მე-3 საერთაშორისო კონფერენცია. სამსახური ახორციელებას სასამართლოში ძალადობის მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას მათი გადახდისუუნარობის მიუხედავად. გაფართოვდა მანდატი უძრავი ნივთებთან და შრომით  ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებზე. 

2019 წ. უფასო სამართლებრივი დახმარების ტერიტორიული ხალმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საკონსულტაციო ცენტრები გაიხსნა დუისში, შუახევსა და ცაგერში. ოზურგეთში გაიხსნა იურიდიული დახმარების ბიურო. წეროვნის დევნილთა დასახლებაში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ონლაინ ოთახი.